სწავლა
როგორ დავეხმაროთ ბავშვს LESA-ს საშუალებით, კითხვის სწავლაში?

ბირგირ ჰრაფნ
სწავლა
ბავშვის პირველი ნაბიჯები კითხვაში მშობლებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა — სიხარულთან და აღფრთოვანებასთან ერთად, ხშირად ჩნდება კითხვაც: როგორ დავეხმაროთ მას სწორად? რამდენიმე მარტივი და პრაქტიკული მიდგომით შეგიძლიათ ბავშვს კითხვის პროცესი გაუმარტივოთ, თავდაჯერება შემატოთ და კითხვა მისთვის სასიამოვნო გამოცდილებად აქციოთ.

აქ მოცემულია რამდენიმე მარტივი გზა, რომლებიც ბავშვებში კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებას ეფექტურად უწყობს ხელს:
ყოველდღიური კითხვა LESA-სთან ერთად;
ბავშვის ინტერესებზე მორგებული ისტორიების შერჩევა;
წაკითხულის შესახებ საუბარი და კითხვების დასმა;
ქება და პოზიტიური წახალისება;
მოთმინება და მხარდაჭერა.
ყოველდღიური კითხვა ბავშვს რუტინისა და უსაფრთხოების განცდას უქმნის. მოკლე, მაგრამ რეგულარული სესიები ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე იშვიათი და ხანგრძლივი კითხვა. თუ ბავშვი დაღლილია, უმჯობესია იმ დღეს შედარებით მოკლე აქტივობა აირჩიოთ, ვიდრე კითხვა საერთოდ გამოტოვოთ.
ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვის მიერ დამოუკიდებლად კითხვის სწავლა არ ნიშნავს, რომ მისთვის წიგნის კითხვაზე უარი უნდა თქვათ. პირიქით, ძილის წინ ერთად წაკითხული ერთი ისტორია ან რამდენიმე გვერდიც კი ბავშვის ენობრივ განვითარებასა და კითხვის სიყვარულს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
შეარჩიეთ ბავშვისთვის საინტერესო წიგნები
წიგნის შერჩევა კითხვის მოტივაციაზე დიდ გავლენას ახდენს. ბავშვები გაცილებით მეტი ინტერესით კითხულობენ მაშინ, როდესაც თემა მათთვის საინტერესოა. თუ უყვართ ცხოველები, მანქანები, კოსმოსი ან თავგადასავლები, სწორედ ამ თემებზე შერჩეული ისტორიები მათ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.
კითხვა მხოლოდ ტექსტის წაკითხვით არ უნდა შემოიფარგლოს. მიეცით ბავშვს საშუალება, ყურადღება გაამახვილოს მისთვის საინტერესო სიტყვებზე ან ილუსტრაციებზე, უპასუხეთ მის შეკითხვებს და თავადაც დაუსვით კითხვები. მაგალითად: „შენი აზრით, რა მოხდება შემდეგ?“, „შენ რას გააკეთებდი ამ პერსონაჟის ადგილას?“ ან „რომელი პერსონაჟი მოგეწონა ყველაზე მეტად და რატომ?“
ასეთი საუბრები ბავშვს ტექსტის უკეთ გააზრებაში, ლექსიკის გამდიდრებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში ეხმარება.
ქება და წახალისება
კითხვის პროცესში ბავშვის წახალისებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ დაფასდეს არა მხოლოდ შედეგი, არამედ მისი მცდელობაც. მცირე პროგრესიც კი ღირს აღნიშვნად, რადგან სწორედ პოზიტიური უკუკავშირი აძლიერებს ბავშვის თავდაჯერებას.
მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ:
„ყოჩაღ, რომ არ დანებდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს წინადადება რთული იყო.“
„ძალიან კარგი, რომ ეს სიტყვა დაიმახსოვრე.“
„ვხედავ, რამდენი ივარჯიშე.“
ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რომ იგრძნოს — მისი ძალისხმევა ფასდება.
ყველაზე მთავარი კი მოთმინებაა. ყველა ბავშვი საკუთარი ტემპით სწავლობს და თითოეულს განსხვავებული დრო სჭირდება. მხარდაჭერა, ყურადღება და მშვიდი გარემო გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე აჩქარება ან ზედმეტი მოთხოვნები.
სწორედ ასეთი მარტივი, მაგრამ თანმიმდევრული მიდგომები ეხმარება ბავშვს, რომ კითხვა არა მხოლოდ სასწავლო პროცესად, არამედ სასიამოვნო ყოველდღიურ გამოცდილებად აღიქვას. მშობლებს ამისთვის განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდებათ — ხშირად სითბო, ინტერესი და ერთად გატარებული დრო საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვს კითხვის სიყვარული მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს.
საინტერესო ფაქტები, სიახლეები და ბლოგები
თვალი ადევნეთ LESA-ს განვითარებას და გაიგეთ, როგორ ვუჭერთ მხარს კითხვის პოპულარიზაციას













